სენატში გაკეთებული განცხადებები სიგნალი იყო არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის - ზურაბ ბატიაშვილი

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხის ასეთ მაღალ დონზე განხილვა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთს საქართველო არ მიუტოვებია“, - ამის შესახებ Europetime-ს ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა.

ბატიაშვილის აზრით, ეს იყო სიგნალი, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვის, რომელიც საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისგან, დივიდენდების მოპოვებას და სარგებლის მიღებას შეეცდება.

„აშშ-ის სენატში ყარაბაღის თემის კიდევ ერთხელ ხსენებაც შემთხვევითი არ არის. ეს იმ ინტერესის გაგრძელებაა, რომელიც დასავლეთს ჩვენი რეგიონის მიმართ აქვს. ყველას ახსოვს, როდესაც ყარაბაღის ომის შემდეგ, მაიკ პომპეოს ვიზიტი დაუგეგმავად შედგა. სპეციალურად ჩასვეს, იმ ცნობილ სამშვიდობო ვოიაჟში, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა შედიოდა. ეს თავისთავად, მაშინვე სიგნალი იყო, რომ დასავლეთისთვის სულ ერთი არ არის რეგიონში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც რეგიონში დასავლეთის ერთადერთ დასაყრდენ წერტილად რჩება“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებით, საქართველოს დასავლური ორიენტაციის გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიან ყარაბაღში ინტენისური საბრძოლო მოქმედებებისა და რეგიონში რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში, გაგზავნის შემდეგ.

"ეს ნიშნავს, რომ რუსეთს სამხედროები ჰყავს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში. რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. საქართველო შიშობს, რომ ამის შედეგად ის კონკურენტული ინფრასტრუქტურისა და სხვა განვითარების პროექტებიდან მოწყვეტილი აღმოჩნდება. ჩვენ ვსწავლობთ გზებს, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისე, რომ მათი სუვერენიტეტი და ქმედებათა თავისუფელბა შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

გუშინ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების საკითხზე მოსმენა გაიმართა.