Pfizer-მა კორონავირუსის სამკურნალო აბების კლინიკური ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თუ კლინიკური კვლევები წარმატებული იქნება, პრეპარატის აბების ფორმით დანიშვნა კორონავირუსის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე შესაძლებელი გახდება.
”COVID-19 პანდემიის დაძლევა მოითხოვს როგორც ვაქცინის საშუალებით პრევენციას, ასევე მიზანმიმართულ მკურნალობას მათთვის, ვინც ვირუსით დაავადებულია.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ხდება SARS-CoV-2 მუტაცია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თერაპიულ ვარიანტებზე წვდომა როგორც ახლა, ისე პანდემიის მიღმა", - განაცხადა Pfizer-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა, მიკაელ დოლსტენიმ.
როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის სამკურნალო აბები შექმნილია ვირუსის ცილის პროტეაზას საფუძველზე, რომელიც ვირუსის გამრავლებას აჩერებს. მსგავსი ტიპის მედიკამენტები აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება.