კელი დეგნანი: რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია

"რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც დეგნანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ამომრჩეველთა მოსაზრებები.

"სწორედ ამიტომ, ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. 4-5 თვეა, ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას, რაც ნამდვილად საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია.

ეს არის ის, რაც მათ უნდა აკეთონ მრავალპარტიულ პარლამენტში. ეს არის, რაც მათ უნდა აკეთონ, როდესაც საქართველო გაწევრიანდება NATO-ში ან ევროკავშირში. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც კომპრომისს საჭიროებენ და ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში მჯერა, რომ მხარეები მიაღწევენ კომპრომისს და გადადგამენ რთულ ნაბიჯს ქვეყნის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.