"კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია, ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
აშშ-ის ელჩის თქმით, NATO-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები.
„მხარეებთან უკვე ხუთი თვეა ვმუშაობთ. ვცდილობთ, მათ მოახერხონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება. მათ აქვთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მხარეებს აქვთ ერთმანეთის მოსმენის სურვილი, მსჯელობენ პრობლემატურ საკითხებსა და პრიორიტეტებზე, განიხილავენ შესაძლო კომპრომისების გზებს. არც შეთავაზებების ნაკლებობა შეინიშნება, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ ამ განსხვავებულ პოზიციებზე. ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე.
კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100 პროცენტს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. როგორ დასრულდება ეს პროცესი, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე. როგორც ვთქვი, NATO-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს, ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ.
„მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, ბატონი ივანიშვილი და ბატონი სააკაშვილი არ არიან არჩეული წარმომადგენლები და არ მონაწილეობენ ამ დიალოგში. ამ მოლაპარაკებების შედეგიც უნდა იყოს გადაწყვეტილება,რომელიც მიღებულია ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიერ. იმედია, რომ ამ გადაწყვეტილებაში იქნება წარმოდგენილი საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესი“, – განაცხადა დეგნანმა.