კელი დეგნანი: ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი

"პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ და პირდაპირ განაცხადა რუსეთის აგრესიის შესახებ და ასევე იმ საფრთხეებზე, რასაც ჩინეთი ქმნის გლობალური ვაჭრობის, კომერციისა და უსაფრთხოების კუთხით.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება. თქვენ იცით, რომ არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თუმცა ახლა ასევე სახეზეა ორპარტიული წუხილი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს და ვაშინგტონს სურს იხილოს, რომ საქართველოს ერთგულება ამ ღირებულებების მიმართ კვლავ ძლიერია", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.