კელი დეგნანი: მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი

"მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით.

"მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად, როგორც ამას საქართველოში ვხედავთ და ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი. არც ერთ პარტიას არ მიუღია უმრავლესობა გასული ოქტომბრის არჩევნებში და მარტივი ფაქტია, რომ დემოკრატია ვერ იმუშავებს და ვერ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის ინტერესებს კომპრომისზე წასვლის სურვილის გარეშე", – განაცხადა კელი დეგნანმა.