ფრანგ სამხედრო ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის არმიის უფროსი ოფიცრის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავარაუდო გაცემის თაობაზე გამოძიება ტარდება. აქვე, პარლიმ აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ საქმის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია გადასცა, დამატებით დეტალებზე კი არ უსაუბრია.
რადიო „Europe 1“-ის ინფორმაციით, ფრანგი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც იტალიაში, ნატო-ს ბაზაზე მსახურობდა, ეჭვმიტანილია რუსეთის საიდუმლო სამსახურებისთვის დელიკატური დოკუმენტაციის გადაცემაში.
„Europe 1“-ის ინფორმაციით, ოფიცერი საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურმა დააკავა, როცა საზაფხულო შვებულებიდან კვლავ იტალიაში დაბრუნებას აპირებდა. ის ამჟამად პარიზის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.