"კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ნებაყოფლობითია და ასეთად დარჩება.
„ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა. მათ შორის არც ისრაელში. ზოგადად, ვალდებულებას ადგენს კანონი. მაგალითად, ჩვენთან სავალდებულოა, რომ მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის ისინი, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, ისინი B ჰეპატიტზე უნდა აიცრნენ. ასევე, გარკვეული ვალდებულებაა წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციისკენ.
ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როცა ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, - განაცხადა გამყრელიძემ.