ანდრია ჯაღმაიძე: ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს

"ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

ჯაღმაიძე თვლის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.

„ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ.

სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ გავრცელდა პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია - აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. პატრიარქს არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს. ერთი და იგივე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ - უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ - მაინც უკმაყოფილო არიან“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.