“ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია” – ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი.
„მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი არაგვიშავს – გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გადავაბიჯეთ “წითელ ზონაში”, იქნება წერტილოვანი შეზღუდვები.
„შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.