ირაკლი ღარიბაშვილი: აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის

"აჭარა ტურისტების მისაღებად მზად არის", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარობაშვილმა აღნიშნა, რომ განახლებულ აეროპორტში პირდაპირი ავიარეისები ისრაელიდან და თურქეთიდან უკვე სრულდება.

„დღეს ბათუმის განახლებული აეროპორტი გავხსენით. მოგეხსენებათ, რომ TAV Georgia-მ 17 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად.

ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში დაასრულა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები. ასე რომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აღნიშნულ კომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.