ნათია თურნავა: წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელის შედეგებიც ოპოზიციას არ მოსწონს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც თავისუფალი და კონკურენტული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მმართველ გუნდს დიალოგზე უარი არასოდეს უთქვამს, თუმცა წითელი ხაზია იმ არჩევნების გადახაზვა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც წარმატებული და დემოკრატიული.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს შედეგიანი და არ უნდა იყოს პრინციპების ხარჯზე. მაგალითად, წითელი ხაზი არის ის, რომ არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ, ეუთო/ოდირმა, ჩვენმა მეგობრებმა აშშ-ში, ევროკავშირში ცნეს, როგორც ცალსახად წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული, გადავხაზოთ, რადგან შედეგები არ მოსწონთ ოპოზიციურ პარტიებს და ხელახლა ვატაროთ არჩევნები, რაც არის სასაცილოა“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის იერ მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციის ორი თვით ადრე დაანონსება მიუთითებს იმას, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რაღაც უჭირთ

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი სწორი საქციელი პარლამენტში შესვლა იქნება.

„ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ, შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტის ფორმატში გააგრძელონ მოღვაწეობა, რაც იქნება ერთადერთი სწორი, ცივილიზებული საქციელი მათი მხრიდან. ეს მესიჯი არის ცალსახა.

ამის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე, ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ასეთი პრაქტიკა მე საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს, რომ ორი თვით ადრე აანონსებდნენ. როგორც ჩანს, რაღაც უჭირთ, პრობლემები აქვთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.