ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა

მეწყერული ზონის გამოვლენის გამო, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.