ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღიურად დაახლოებით 3 000 ადამიანი უნდა იკეთებდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რათა ჯანდაცვის სისტემამ მოახერხოს იმ სამიზნე ჯგუფებთან დაახლოება, რომელთა ვაქცინაციასაც უწყება შემდეგში გეგმავს.
გაბუნიას თქმით, დღეს უკვე ვაქცინაციისთვის 10 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
„პროგრამა ძალიან სწრაფად და კარგად იკრეფდა ძალას, მაგრამ მომდევნო დღეს მოხდა სრულიად წარმოუდგენელი ამბავი, რომელმაც გამოიწვია ის, რომ სამედიცინო პროფესიონალებში ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი აქტივობა. დღეს უკვე, 10 000-ზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ დღეს ეს აქტივობა გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ Pfizer ვაქცინა არის, როგორც ამ პროგრამის ერთ-ერთი არჩევანი, არამედ იმითაც, რომ 65 წლის ზემოთ პირებისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობა გაიხსნა. აქედან რამდენია Pfizer და რამდენი Astrazeneca , მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ დღეს ჯამურად, 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ იმედის მომცემი მაჩვენებელია. აქტივობა იყო, როგორც Astrazeneca -ს, ისე Pfizer-ს მიმართულებით და ვფიქრობ, მომდევნო კვირებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.