ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" სოციალური მედიის II შუალედური მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ძირითადი დენტენციებია გამოკვეთილი. კერძოდ, ანგარიში, რომელიც 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ შეინიშნება პოლარიზების წამახალისებელი, მედიის და ოპოზიციის მადისკრედიტებელი გვერდების, ჯგუფებისა და ცრუ მედიების "ფეისბუქ"–გვერდების აქტიურობა.
ISFED-მა 900-ზე მეტი ფეისბუქ გვერდი და 11 469 პოსტი გააანალიზა. ანგარიშის თანახმად,
საანგარიშო პერიოდში აქტიურობს:
ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი;ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი.დაკვირვების ქვეშ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.
ასევე, სამართლიანი არჩევნები აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 354 და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 195 Facebook-გვერდს. მონიტორინგი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 170 ოფიციალურ გვერდსაც.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლარიზების წამახალისებელი გვერდები წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები პრორუსულად განწყობილი აქტორების სასარგებლოდ.
69 გვერდი, ღირებულებითი თემებით მანიპულირების მეშვეობით, საარჩევნო სუბიექტების: "პატრიოტთა ალიანსის", "ქართული მარშის", "ქართული იდეის", პრიმაკოვის ფონდის დირექტორის – დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწევა. ისინი ასევე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ. ვრცელდება პრორუსული ნარატივიც.
ასევე, ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში "ფეისბუქზე" ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 66 გვერდი მოქმედებდა. მათგან 36 ოპოზიციის (გარდა "პატრიოტთა ალიანსისა"), კრიტიკული მედიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული. 30 გვერდი, ძირითადად, "ქართული ოცნების" დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა, რიგ შემთხვევაში მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მოქმედებდა, გარდა "ძალა ერთობაშია"–ში შემავალი პარტიებისა.
"სამართლიანი არჩევნები" აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები უფრო მეტი "პოსტს" ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია: 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ანონიმურ დისკრედიტაციულ და ცრუ მედიის გვერდებზე ჯამში 1,725 პოსტი გამოქვეყნდა. ხოლო, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ 2,120 პოსტი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული 65 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კი 8 დასპონსორებული პოსტი.
რაც შეეხება მედიებს, "ფეისბუქზე" თავდასხმის ობიექტები არიან "მთავარი არხი", "ტვ პირველი" და "ფორმულა". ანგარიშის მიხედვით, „მთავარი არხის“ დისკრედიტაცია, ძირითადად დავით–გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საკითხების გაშუქებას მიემართებოდა და გაისმოდა ბრალდებები საკითხის შერჩევითად და პარტიულ კონტექსტში გაშუქების შესახებ.
ტელეკომპანია "იმედი" დისკრედიტაციის სამიზნე იყო გავრცელებული აუდიოჩანაწერების გამო, რომელშიც ნიკა ლალიაშვილის და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი თანამშრომლების ლაპარაკია გადმოცემული.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში Facebook-ზე 9 ცრუ მედია გვერდი მოქმედებდა, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდა. ცრუ მედიის 9 გვერდზე სულ 403 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან ISFED-მა 7 დასპონსორებული პოსტი აღმოაჩინა.
ანგარიშის თანახმად, "ფეისბუქზე" კვლავ ორგანიზებულად მოქმედებს როგორც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი გვერდები. ოპოზიციის მხარდასაჭერად 18 Facebook გვერდი მოქმედებდა, რომლებმაც ჯამში 137 708 გამომწერი ჰყავთ. ხელისუფლების მხარდასაჭერად 17 გვერდი მოქმედებს, 430 851 გამომწერით.
ISFED აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გვერდების პოსტების რაოდენობა და ინტერაქცია მნიშვნელოვნად აჭარბებს ოპოზიციის მხარდამჭერი გვერდებისას, ხოლო ინტერაქციების რაოდენობის სხვაობა სავარაუდოდ დაკავშირებულია პოსტების დასპონსორებასთან, რისი მეშვეობითაც კონკრეტულ პოსტს ბევრად მეტი მომხმარებელი ნახულობს.
ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ პარტიების და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამისთვის პოლიტიკურმა აქტორებმა 120 ათას აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. 177 ოფიციალურ გვერდზე 4 925 რეკლამა გამოაქვეყნდა, ძირითადად დეკლარირებული სახით.
ამასთან, ISFED-ის მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომელიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა. იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ეს რეკლამა პოლიტიკური კანდიდატის ან საკითხის შესახებ შინაარსის გამომხატველი იყო და დარღვევით გამოქვეყნდა, მხოლოდ 23-ის მოქმედება შეჩერდა.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 184 ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. ყველაზე მაღალი ინტერაქციის მქონე მხარდამჭერ ჯგუფებად გამოვლინდნენ ენმ-ის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედი ჯგუფები.
წინასაარჩევნო მოწოდებები და პოლიტიკური დისკუსია „ფეისბუქ“ ჯგუფებშიც მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 184 ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. ყველაზე მაღალი ინტერაქციის მქონე მხარდამჭერ ჯგუფებად გამოვლინდნენ "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოქმედი ჯგუფები. პარტიებთან ოფიციალურად აფილირებული ჯგუფების გარდა, "ფეისბუქზე" მოქმედებენ მადისკრედიტირებელი ჯგუფები. ისინი ძირითად "ქართული ოცნების" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ექვსი საჯარო ჯგუფი ეწევა ყველა პარტიის დისკრედიტაციას, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა".
ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგი, ძირითადად, მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას:
პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, კანდიდატების, ასევე, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების სოციალური მედიის ოფიციალური გვერდების მონიტორინგს, ცალკეული საჯარო მოხელეების სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში აქტივობის მონიტორინგს;პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების/ჯგუფების/აქტორების მონიტორინგს, მათ შორის - პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიების, ანონიმური და ცრუ მხარდაჭერის, ცრუ მედიის მონიტორინგს;ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი გვერდების/ჯგუფების მონიტორინგს.