ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზაციისთვის

ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

2021 წლის 26 მარტს, ქალაქ ხაშურში ხელი მოეწერა საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორის რაფაელ ჟოზანის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ირაკლი ქარსელაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის მიერ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მონაწილეობით.

აღნიშნული გრანტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ. ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესება. ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

პროექტს ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი. პროექტი აძლიერებს UWSCG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მდგრადობის განმტკიცების მიზნით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დღეს გაფორმებული გრანტი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებაზე და UWSCG-ს შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერებაზე. ყოველივე ეს მოიტანს ორ ძირითად ეკონომიკურ შედეგს: ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსება უზრუნველყოფს უკეთეს წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურების დანერგვას; ხოლო ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის კონტრიბუცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას (UWSCG) მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდის საშუალებას მისცემს, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

პროექტი მოიცავს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, აღჭურვილობის შესყიდვას ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციის შეზღუდულ ფაზასა და საკონსულტაციო მომსახურებას, ისევე როგორც ყველა საქმიანობას, რომელიც სტრუქტურირებულია სამუშაო კომპონენტად და ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტად, რათა ხელი შეუწყოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების განვითარებას კომპანიის მომსახურების სრულ არეალში ახალი ნოუ-ჰაუს დანერგვის შედეგად.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში, მათ შორის გარემოსა და კლიმატის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში.

პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2026 წელს.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად მხარს ვუჭერთ ხაშურის წყლის სექტორის ამ მნიშვნელოვან პროექტს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციით, პროექტი ადგილობრივად ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი საერთო ინვესტიციის წყალობით, გაუმჯობესდება ჩამდინარე წყლების მართვა და აღარ მოხდება მიმდებარე მდინარეებისა და ნიადაგის დაბინძურება, “- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

”წყალი საქართველოს განვითარების ძირითადი რესურსია. კლიმატის ცვლილებით, ეს შეიძლება მწირი რესურსი გახდეს. თუმცა, მოთხოვნა იზრდება ელექტროენერგიის წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, წყლის ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია. ევროპულ, და განსაკუთრებით ფრანგულ კომპანიებს დიდი კომპეტენცია აქვთ წყლის ეფექტურად მართვაში. ამიტომაც არის, რომ საფრანგეთისთვის წყლის მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში.

დღევანდელი ინვესტიცია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის სახით, რომელსაც თან ერთვის ევროკავშირის გრანტი, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების მიზნით აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ დასავლელი პარტნიორები საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას. ჩვენ, ევროპის გუნდი (Team Europe), საქართველოს მეგობრები ვართ ყველანაირ ამინდში, იქნება ის მზიანი, წვიმიანი, კარგი თუ რთული და ჩვენ მოხარული ვართ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს უფრო ევროპელი, საქართველოსთვის მრავალი სარგებელი მოაქვს. ”- განაცხადა დიეგო კოლასმა.

”როგორც ევროპის გუნდის სახელმწიფო წევრი, ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას, რომლის წვლილს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოაქვს პროექტის მდგრადობის თვალსაზრისით, რადგან წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ერთ – ერთი მთავარი სექტორია ქვეყანაში. გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო ითვალისწინებს მეტ დაფინანსებასა და გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის წყლისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციის სტრატეგიის განსახორციელებლად” - განაცხადა რაფაელ ჟოზანმა.