5-11 მაისს GEM FEST კოლუმბიაში გაიმართება

5-11 მაისს GEM FEST კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში გაიმართება. ამის შესახებ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ BM.ge-ს განუცხადა.

როგორც სიგუამ განაცხადა, Line UP-ის პირველი ნაწილი გამოცხადებულია და 1 კვირაში მოსაწვევების გაყიდვა დაიწყება.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთი, დაახლოებით, 1 000 დოლარი ეღირება.

როგორც გიორგი სიგუა აცხადებს, ჰყავს სამხრეთ ამერიკელი პარტნიორები და ზაფხულის განმავლობაში GEM FEST-ის მექსიკასა და კოსტა რიკაში ჩატარებასაც გეგმავს.

„რატომ კოლუმბია? - GEM FEST-ში ინვესტირება მოახდინა ივენთმენეჯმენტის სამხრეთ ამერიკულმა კომპანიამ. აქ ფანტასტიური კლიმატია, გაცილებით რბილი covid-შეზღუდვებია, ვიდრე ევროპაში, ამიტომ გადავწყვიტეთ კოლუმბიით დაგვეწყო. ვაპირებთ ღონისძიებები მექსიკასა და კოსტა რიკაშიც ჩავატაროთ. დიდი ფესტივალი და გრანდიოზული შეკრება ვერ იქნება, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ვუმასპინძლებთ“, - აღნიშნა სიგუამ.

გიორგი სიგუა, შორი მანძილის მიუხედავად, ფესტივალზე საქართველოს მოქალაქეებსაც ეპატიჟება.

„ძალიან კი გვინდა ჩვენი თანამემამულეები დაესწრონ ივენთს, მაგრამ ისიც გვესმის რომ კოლუმბია შორსაა და ივენთი კაი გვარიანი ძვირი სიამოვნება დაგიჯდებათ.

ამიტომ გადავწყვიტეთ ერთი ან ორი გულანთებული მამულიშვილი ქართველი ჩვენ დავაფინანსოთ თავისი თვითმფრინავის ბილეთით და ყველა ხარჯით.

დაწერეთ კომენტარებში რამე ჭკვიანური (გვირჩიეთ რამე, მოყევით, გაიხსნეთ ისტორია, მოკლედ, რაც მოგაფიქრდებათ) და ვის კომენტარსაც ექნება ყველაზე მეტი გამოხმაურება, ამოვარჩევთ და 4 ან 5 მაისს ჩამოგაქროლებთ კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში. პირველ მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გამოვავლენთ ბედნიერ რჩეულებს“, - ნათქვამია GEM FEST-ის Facebook-გვერდზე გამოქვენებულ პოსტში.

ცნობისთვის, ტურისტული მიზნებისათვის კოლუმბიის რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმია დაწესებული.