განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, „კოვიდ-19“-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.
„მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლების წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელს ყოველკვირეულად იკვლევს. სამინისტროს მიზანია, საზოგადოებას და, პირველ რიგში, მოსწავლეთა მშობლებს, უტყუარი მონაცემი ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარება სკოლებში კოვიდსტატისტიკის კუთხით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია, რაც სკოლებში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას უტყუარად ადასტურებს“, - აცხადებს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.
განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.
მათივე ცნობით, მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.
„ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
.