თუ უცხოეთის ჯარები დათქმულ დროს ავღანეთს არ დატოვებენ, თალიბანი ჯარებზე თავდასხმით იმუქრება

თალიბანი იმუქრება, რომ ავღანეთში უცხოელი ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს განაახლებენ, თუ ისინი არ შეასრულებენ პირობას და 1 მაისს არ გავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

1 მაისის, ვადის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თალიბები "იძულებულნი იქნებიან… განაგრძონ ჯიჰადი და შეიარაღებული ბრძოლა უცხოური ძალების წინააღმდეგ თავისი ქვეყნის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია ჯგუფის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში.

თალიბებმა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ძნელი იქნება 1 მაისისთვის 2500 ამერიკელი სამხედროს გაყვანა ავღანეთიდან.

თალიბებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმების ერთგულები არიან, რომელსაც უწოდეს კონფლიქტის დასრულების "ყველაზე გონივრული და უმოკლესი გზა".