უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკი, რომელიც ზოგიერთ ანტიკორუფციულ რეფორმას ეწინააღმდეგოებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
”ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნული უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას, საფრთხეს უქმნიან უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ეროვნულ უსაფრთხოებას”, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ტუპიცკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დანიშნა.