„ანდრეი რუდენკოს განცხადება კრემლის ახალი პოზიცია არ არის და რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, როგორც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირისკენ სწრაფვის“, - ამ განცხადებით Europetime-თან საუბრისას, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი, კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და დაძაბულობას მოიტანს რეგიონში.
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ხშირად გვესმოდა საჯარო განცხადებები, რომ მათ არ აინტერესებთ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა და მხოლოდ NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრის დროს, რუსეთი ევროინტეგრაციის ორივე მიმართულების მიუღებლობას აფიქსირებს.
„ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან რუსეთს არ შეუძლია პარტნიორობა და არ სურს მის სამეზობლოში სტაბილური, განვითარებული და დაცული სახელმწიფოები.
მას სურს, მხოლოდ მისდამი მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნები. საბოლოო ჯამში კი ეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია რა გვინდა ჩვენ, როგორი მომავალი- რუსეთზე მიბმული “კრაი”, თუ დამოუკიდებელი და განვითარებული სახელმწიფო“, - აღნიშნავს დიპლომატი.
_Europetime-ის კითხვაზე, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკაზე გადასვლა, როგორც ამას ექსპერტები აღნიშნავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავს მდგომარეობაში ხომ არ აყენებს საქართველოს, როდესაც აღნიშნული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს, რუსეთის წინააღმდეგობისა და ამ ქვეყნებში არსებული პრობლემების მიუხედავად? - მამუკა ჟღენტი პასუხობს, რომ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა, არათუ გაიზარდა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ამ პერსპექტივამ კიდევ უფრო შორს გადაიწია.
„NATO-ში გაწევრიანება ბევრ ფაქტორთან არის კავშირში, როგორც საერთაშორისი პოლიტიკასთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. NATO ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და იმისათვის, რომ გავხდეთ მისი წევრები, გარდა სამხედრო კომპონენტისა, უნდა ვაკმაყოფილებდეთ ელემენტარულ დემოკრატიულ ტესტს, სახელმწიფოს შიგნით.
როგორც ეს აშშ-ის სენატის ბოლო მოსმენისას გავიგეთ, ამ ტესტის დაკმაყოფილებისგან საკმაოდ შორს ვდგავართ. დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, არ დაეკისროს სანქციები, ან არ გაფართოვდეს ჩვენზე დახმარების ე.წ. პირობითობა. ამ ვითარებაში, NATO-ს პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადადის!“, - განუცხადა Europetime-ს მამუკა ჟღენტმა.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი.
ჟენევაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომ საქართველო აპირებს, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და კვლავ მიისწაფის NATO-სკენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში.
„ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები NATO-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ.
როგორც ევროკავშირში ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, NATO-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში. მისივე თქმით, NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება გამოწვევების დასაძლევად.
„აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
ბლინკენმა და ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ასევე ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა.