"სტრატეგია აღმაშენებლი": ვეთანხმებით ოპოზიციის სულისკვეთებას, მაგრამ მოლაპარაკებების წინ მსგავსი შინაარსის წერილი ტაქტიკური შეცდომაა

სტრატეგია აღმაშენებელი ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადებას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ეთანხმებიან ოპოზიციის წერილის სულისკვეთებას, თუმცა მოლაპარაკებების წინ მსგავსი შინაარსის განცხადებები ტაქტიკურ შეცდომად მიაჩნიათ.

"სტრატეგია აღმაშენებელი ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

მეგობრებო, კომპრომისი და შეთანხმება სჭირდება არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ – საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შესაბამისად ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ერთმანეთისკენ და არა ხისტი და გამყოფი პოზიციებით ახალ-ახალი ბარიერები დავუწესოთ ერთმანეთს. შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რვა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დღევანდელ პარლამენტში შესასვლელად მზად არიან.