საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 01:00 საათამდე იმუშავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, პირები, რომლებსაც საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები აქვთ შეძენილი, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დღევანდელ საფეხბურთო მატჩს ჩვეულებრივზე ნაკლები – მაყურებლების 30% დაესწრება, რათა დისტანცია და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტი იყოს დაცული.

„28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობა.

ამასთან, 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩი, რომელზეც, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.