ვაშლიჯვრის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს და დედაქალაქის მერიისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, თუ რა გეგმა აქვთ მეწყრული პროცესების შესაჩერებლად.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, გამოცხადდეს მორატორიუმი ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, შეჩერდეს მშენებლობა გზის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილზე და მთავრობამ უზრუნველყოს მეწყრული მასის 24 საათიანი რეალური მონიტორინგი.
,,დღევანდელი აქციის მიზანია კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაჟღეროთ ის მოთხოვნები და უფლებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ შევქმენით პეტიცია, რომელსაც ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ეს პეტიცია მერიაში გვაქვს შეტანილი და ველოდებით რეაგირებას. დღევანდელი აქციის მოთხოვნები იმეორებს პეტიციის მოთხოვნებს, ეს არის მორატორიუმის გამოცხადება მშენებლობებზე ვაშლიჯვარში, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ასევე, მეწყერთან დაკავშირებით ვითხოვთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და მასში ადგილობირივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართვას. ასევე ვითხოვთ შეწყდეს ესტაკადის მშენებლობა იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მისი გაგრძელება უსაფრთხოა ქალაქისთვის”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.