სახალხო დამცველი Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა.

ომბუდსმენმა საზოგადოებას მოუწოდა, დარეგისტრირდნენ და აცრა ჩაიტარონ.

„დღეს მე Astrazenecas ვაქცინით ავიცერი. მინდა მოვუწოდო, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკუთნის ამ ვაქცინით აცრა, რომ იაქტიურონ და მინდა კიდევ ერთხელ ამ ვაქცინის მიმართ ჩემი ნდობა დავადასტურო", - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ვაქცინაციას საქართველოში 14 000-მდე ადამიანი ელოდება. ეს არის იმ პირთა რაოდენობა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა.

აქედან Pfizer ვაქცინის გაკეთებას აპირებს 10 700 ადამიანი, Astrazeneca-ს კი 3 263 ადამიანი. პარასკევის მონაცემებით, ახლად დარეგისტრირებულთა მხოლოდ 25% იყო მედპერსონალი, დანარჩენი კი 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები.