"ჩვენ არა მხოლოდ კარგი მეგობრები, არამედ ნათესავები ვართ. ამ რეგიონში ჩვენი ბედი ერთია: რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით" - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა TV პირველის ეთერში, ირაკლი ტაბლიაშვილის გადაემაში "კონტექსი" ისაუბრა.
ელჩმა აღნშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერად ვითარდება.
„ჩვენ არა მხოლოდ კარგი მეგობრები, არამედ ნათესავები ვართ: ქართული წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ თურქეთში, აფხაზები, საქართველოში არიან ადამიანები, რომელთა ნათესავებიც თურქეთში ცხოვრობენ – ჩვენ ნათესავები ვართ და ამ რეგიონში ჩვენი ბედი ერთია: რაც მოგვივა ჩვენ, მოგივათ თქვენ და პირიქით. ჩვენი პარტნიორობა ძალიან ნაყოფიერად ვითარდება. არა მხოლოდ დემარკირებული გვაქვს სახმელეთო საზღვარი, არამედ ერთმანეთს ვეხმარებით სატრანზიტო პროექტებში, რეგიონალურ თანამშრომლობაში. ერთმანეთთან გვაქვს ჰარმონიზებული სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხები რეგიონში. როდესაც ერთმანეთთან რაიმე შეშფოთების საგნები გვაქვს, გახსნილები ვართ. როდესაც კონფლიქტური ინტერესები არსებობს, ჩვენ გვაქვს გზები, ვისაუბროთ და ორივესთვის სასარგებლო კონსენსუსს მივაღწიოთ“,- განაცხადა ელჩმა.
გარდა ქართულ-თურქულ ურთიერთობებისა, თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა გადაცემაში ყალბ ახალ ამბებზე, ოკუპაციაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის – რუსულ–თურქულ პარტნიორობაზე ისაუბრა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, როდესაც საქართველოში ელჩის სტატუსით დაიწყო მუშაობა, პირველი ჭორი, რომელიც მან მოისმინა ყარსის ხელშეკრულებას ეხებოდა და ვრცელდებოდა, რომ ხელშეკრულება დასრულდებოდა 100 წლის შემდეგ.
ელჩის თქმით, დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჯგუფები. რადგან შეუშალონ ხელი რეგიონის სტაბიულურობას. მისივე თქმით, "საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია. ყარსის ხელშეკრულება არ შეწყდება".
„დავაკვირდი, რომ მსგავსი არალოგიკური სიბეცე და აშკარა ტყუილი როდესაც დღის წესრიგში დგება, ეს არა საქართველოდან, არამედ საქართველოს გარედან მოდის. ვეცადე მიმეკვლია ვებ-გვერდებისთვის. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ესენი არიან ჯგუფები საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლებიც ამის პედალირებას ახდენენ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ჩონჩხია: როდესაც გეოსტრატეგიულ ლანდშაფტს შეხედავ, დაინახავ, რომ იგი თურქეთიდან მოდის, საქართველოდან მიდის კასპიის ზღვის მიმართულებით.
მათ დეზინფორმატორებს) სურთ, ეჭვის შექმნა. 2021 წელში ვიმყოფებით! ყარსის ხელშეკრულება არ შეწყდება, ბათუმის უკან დაბრუნებას არ მოვითხოვთ, სამცხე–ჯავახეთში სამხედრო ძალებს არ გავაგზავნით – ეს ღიად შემიძლია, გითხრათ. გვინდა, ადამიანები მსგავს ახალ ამბებს კრიტიკული კითხვებით კითხულობდნენ და უსმენდნენ. ეს მოდის გარედან, მაგრამ პოულობენ სასარგებლო მასალებს შიგნით. გვჭირდება მედეგობა ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გახლავთ ისეთი რამ, რის იგნორირებასაც მოვახდენთ“ - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მისი თქმით, თურქეთი-საქართველო თანხმდებიან, რომ რეგიონში საჭიროა სტაბილურობა, დიალოგი და ოკუპაციის დასასრული. ის კონფლიქტები, რომელსაც საქართველო აწყდება, უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეა.
„თურქეთს ნათელი პოზიცია გააჩნია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სუვერენიტეტი ნიშნავს, რომ საქართველო უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გააჩნია ისტორიული და იურიდიული უფლებები.
კონფლიქტების მოგვარება გახლავთ საკითხები, რომელშიც სხვადასხვა მონაწილეები არიან ჩართულნი. თურქეთი არ გახლავთ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჩართული, რომელსაც საქართველო სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებს - ევროკავშირთან, გაერო–სთან და ეუთო–თან ერთად, მაგრამ თურქეთი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
თურქეთი-საქართველო თანხმდებიან, რომ რეგიონში საჭიროა სტაბილურობა, დიალოგი და ოკუპაციის დასასრული. კონფლიქტები, რომელსაც საქართველო აწყდება, უსაფრთხოების სერიოზული საფრთხეა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ჩართულობას 6–წევროვან კავშირში, რომელიც დღის წესრიგში კიდევ ერთხელ ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ დადგა და რომლის მიმართაც ოფიციალურ თბილისს მიუღებლობა აქვს რუსეთის ფაქტორის გამო, ელჩი ამბობს, რომ ანკარა თბილისზე ზეწოლას არ განიხილავს და აღნიშნავს იმასაც, რომ კავშირის თაობაზე ინიციატივა თურქეთს არ ეკუთვნის.
არსებობს იდეა 3+3 რეგიონული საკითხებში თანამშრომლობისთვის. ეს შეიძლება, იყოს თანამშრომლობა, კონფლიქტების მოგვარება, მაგრამ თუ საქართველო აცხადებს, რომ მას ამ პლატფორმაში მონაწილეობა ეხამუშება, ეს შეშფოთება ჩვენ გვესმის. ჩვენს ურთიერთობაში არ გახლავთ პარამეტრი, რომ საქართველოზე ზემოქმედება მოვახდინოთ, რათა საქართველომ რაიმე გააკეთოს და ეს ნათლადაა გაცხადებული ანკარაში მინისტრ ზალკალიანის ვიზიტის დროს, როდესაც გახსნილი საუბარი ჰქონდათ ჩემს მინისტრთან – ჩავუშოღლუსთან. ვფიქრობ, საკითხიც არ დგას, საქართველოზე ზეწოლა მოხდება თუ არა. მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ რეგიონში უნდა მივიდეთ სიტუაციამდე, სადაც უსაფრთხოების პრობლემები მოგვარებული იქნება და კონფლიქტები არ იქნება გაყინული. რადგან ისინი გაყინულები არ არიან – ზეგავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე“- განაცხადა თურქეთის ელჩმა.
ელჩი შეეხეო NATO-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხსაც. მისი თქმით, როდესაც ალიანსის წევრი ხართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგჯერ უფრო ადვილად გვარდება
საქართველოს სურს, გაწევრიანდეს NATO–ში. საქართველო NATO–ს წევრობას ხედავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებას. არის ისტორიაში გარკვეული დამთხვევები: თავის დროზე თურქეთი NATO–ში სტალინის გამო გაწევრიანდა – აღმოსავლეთ ტერიტორიის წართმევა სურდა, ამიტომაც შევედით NATO–ში და თქვენ იცით ალიანსის ღირებულება – NATO ცივი ომის დროს თავის მიზნებს ძალიან კარგად ემსახურებოდა. თუ საქართველოს სურვილი აქვს, ალიანსში გაწევრიანდეს, რომლის წევრიც გახლავთ თურქეთი, როგორც კარგი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ამას. ჩვენი სამხედრო წვრთნები ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებას და ზოგადად, უსაფრთხოებას. როდესაც ალიანსის წევრი ხართ, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგჯერ უფრო ადვილად გვარდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ნატო თავდაცვითი ალიანსია, იგი არაა მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ", - აღნიშნა ელჩმა.
თურქეთის ელჩმა ასევე ისაუბრა რუსეთ-თურქეთის ურთერთობებზე. მისი თქმით რუსეთი თურქეთის პარტნიორია.
„რუსეთი ჩვენი პარტნიორია, ბიზნესს ვაწარმოებთ რუსეთთან. რუსეთი იცნობს თურქეთს, თურქეთი – რუსეთს, მაგრამ საქართველო რუსეთს უკეთესად იცნობს, ვიდრე თურქეთი – ეს ცოდნისა და მენტალობის საკითხებია. ცივი ომის დროს რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული, მაგრამ თურქეთის მძიმე მრეწველობა, როგორიც არის რკინა და ფოლადი, საბჭოთა კავშირის მიერაა შექმნილი. ყოველთვის არსებობდა ურთიერთობები. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს ვავითარებთ, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია უფლება, რაიმე განცხადებები აკეთოს და არ აქვს ხმის უფლება, თუ როგორ ვაწარმოებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. სუვერენობა სწორედ ეს გახლავთ. ჩვენ რუსეთთან გვაქვს თანხვედრა და ინტერესების აცდენაც, ასევეა ნატო–ს წევრებთან: როდესაც დააკვირდებით ნატო–ს და ევროკავშირის წევრებს, მათაც საკუთარი ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან“. -აღნიშნა ელჩმა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, თურქეთი და რუსეთი კარგი პარტნიორები არიან და ამან არავინ უნდა შეაწუხოს არც საქართველოში და არც სხვაგან:
„თქვენთან რუსი ტურისტები ჩამოდიან და როდესაც მეგობრებს ველაპარაკები, ისინი ამბობენ, „ჩვენ არ გვჭირდებიან ისინი როგორც ოკუპანტები, ჩამოვიდნენ როგორც ტურისტები“. ჩვენ ურთიერთობები ისე უნდა ვმართოთ, რომ ყველა ქვეყანამ დღის ბოლოს დაინახოს, რომ გამყარებული კონფლიქტი არ გახლავთ პოლიტიკა. შევხედოთ, რა ხდება მთიან ყარაბაღში – 27 წელი იყო ოკუპირებული. ოკუპანტი ამბობდა, რომ „დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა“. ასეთი გამყარებული კონფლიქტი არ გახლავთ გზა სტაბილურობის მიღწევისა, ეს გახლავთ ილუზია. რეგიონში ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს გაგება, რომ აღნიშნული კონფლიქტების მართვა არ გახლავთ კონფლიქტების მოგვარება“- განაცხადა მან.
ელჩის განცხადებით, თურქეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას. მისი თქმით, "ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იგივე ეხება აფხაზეთს".
„შავი ზღვა ყოველთვის იყო თურქეთის უსაფრთხოების დოქტრინის ცენტრში. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იგივე ეხება აფხაზეთს. შავი ზღვის კონტექსტში პრობლემა არა ზღვაში, არამედ ზღვის გარშემო – ხმელეთზეა. ზღვა დახურულია, იგი თურქულ სრუტეებში გადის, რომელიც მონტროს კონვენციის შესაბამისად ფუნქციონირებს. თურქეთი ამ კონვენციის შესრულების გარანტორი გახლავთ და ამას ძალიან ყურადღებით ვაკეთებთ. ჩვენ ზღვაზე კონფლიქტები არ გვსურს. ნებისმიერს ესკალაცია შავ ზღვაზე, პირდაპირი ზეგავლენა ექნება ყველა სანაპირო ქვეყანაზე რუსეთის ჩათვლით“,– განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „მონტროს კონვენციას ყავლი არ გასვლია – ის აღსრულებადია და სრულდება. ეს სამართლიანი თამაშია“.