სავარაუდო შეთანხმების ტექსტის პროექტზე ახლა არ გვიმსჯელია. ჩვენ რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ შეხვედრის დეტალები განმარტა.
„სავარაუდო შეთანხმების ტექსტის პროექტზე ახლა არ გვიმსჯელია. ჩვენ რამდენიმე დეტალი განვიხილეთ, რაც იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
ბუნებრივია, მოდერატორის შემდეგ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან ექნება. ჩამოთვლილი ექვსი პუნქტიდან საუბარი 2-3 პუნქტს ეხებოდა. ბუნებრივია, დისკუსია ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით, ოპოზიციასთან ერთად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა საერთო ფორმატში.
„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.