გუშინ გავაკეთე განცხადება მოლაპარაკების ახალ რაუნდთან დაკავშირებით და ასევე მზად ვარ, მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
ნონო ლომჯარიას თქმით, მას მათთან ცალკეული შეხვედრები და კომუნიკაცია ჰქონდა.
„ჩემი, როგორც სახალხო დამცველის პოზიციაა ის, რომ იმ 6-პუნქტიან ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე ქვეყანაში. ეს არის სასამართლო რეფორმა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ეს არის სამართლიანი სასამართლო.მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მოლაპარაკების პროცესში ამ საკითხებზე იყოს შეთანხმება. მე ველოდები, რომ შეთანხმებას მიაღწევენ. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება იცოდეს, ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია ხდება, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.