"საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაციისა და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო დათვალიერებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას.
"საქართველო გახდა ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოტენციალის პოპულარიზაციას და ამ სექტორში კიდევ უფრო მეტი პლანტაციის გაშენებას. მიუხედავად იმისა, რომ კახეთისთვის ტრადიციული სექტორი არის მევენახეობა და ღვინის წარმოება, ეს პროექტი - ზეთისხილის პლანტაციები გახლავთ პირველი პროექტი საქართველოში, რომლითაც ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის წარმოების სექტორი ვითარდება, ორიენტირებულია ექსპორტზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება". – ამბობს არჩილ თალაკვაძე.
ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის თანამედროვე საწარმო, სადაც 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და კერძო ინვესტიციით გაშენდა.