ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციამ "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი" და მისმა თავმჯდომარე ბესიკ ბოგველმა ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა და უკვე პროკურატურასაც მიმართა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა.
კონდახიშვილის შეფასებით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რითაც გირაო ანულირებულია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბესიკ ბოგველმა წერილი გამოაგზავნა. წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა. ნიკა მელიას პოზიციაა, რომ აღნიშნული არის მიუღებელი, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ნებისმიერი პირის მიერ, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით, შეუძლებელია.