ჩემი პოზიციაა და ეს ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, საბოლოო ნაბიჯებამდე მივიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტში, როგორც ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტში, პოლიტიკურ პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად იქნება.
ყველა ის საკითხი, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო აუცილებლად იქნება საბოლოოდ დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი ყველას საბოლოო შინაარსი, მაგრამ დაველოდოთ. ასევე მნიშვნელოვანია და მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვიან, ისინი პროცესს როგორ უყურებენ დღევანდელი დღის შემდეგ. ალბათ, ყველა შეხვედრის შემდეგ ბატონი დანიელსონი თვითონ გააკეთებს საჯარო განცხადებას, სადაც გვეტყვის შემდგომ ნაბიჯებს როგორ ვდგამთ მოლაპარაკების პროცესში. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიცია ესაა და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, რომ დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ და ამისთვის საჭიროა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ორი ვარიანტია, ან ხდება შეთანხმება, ან - ვერა. გულწრფელად გეუბნებით, მგონია რომ ჩვენი ქვეყნისთვის შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე ვერ მოხდება. ამაზე კითხვაც დავისვი და მიპასუხეს, რომ ყველა საკითხი იქნება ამ დოკუმენტში გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.