"პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს", - ამის შესახებ სენატორმა, ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
სენატორის თქმით, თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება.
ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენ წარსულში მოუწოდებდით ქართველ კოლეგებს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს თუ დემოკრატიის სხვა პრობლემების გადაჭრისკენ. თუმცა, ზოგს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ამისთვის საქართველოში ყური არ უთხოვიათ, რადგან არ გვინახავს პროგრესი ამ საკითხებზე. რა ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი საქართველოში გაითვალისწინონ?
"პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.
როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება", - აცხადებს სენატორი.