აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს ამოწმებს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 27 მარტს სოც. ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე და მასში ასახული ყველა პირის მიმართ დაიწყო.
ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესამსახურის განცხადებით, „უწყებაში“ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა“, რის შემდეგაც ისინი გოგოსა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ „პირველადი განმარტებები მისცა". გარდა ამის, ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგო ბოდიშს იხდის.
„მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ“, - აცხადებს გოგო ვიდეოში. ვიდეო მისი TitTok-ის ანგარიშიდან უკვე წაშლილია.
გოგოს საქციელი დაგმო მისმა მამამაც.
"ეს უსამართლობაა. მე ომი გამოვიარე".
მამას ჰკითხეს, როგორ მისცა გოგომ თავს ამის უფლება, რაზეც კაცმა უპასუხა:
"მე არ ვიცოდი და ვერც ვიფიქრებდი, რომ ის ასეთ რამეზე წავიდოდა".