ამირან გამყრელიძე: საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება

"საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დიდი ალბათობით, ივლისიდან დაიწყება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდება.

გამყრელიძის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებლებთან და ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

„იქნება არამარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა. ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის Novavax-ის ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ამერიკული კომპანია და მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული AstraZeneca-ს, Moderna-ს, Pfizer-ის ან ჩინური ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.

Novavax-ი არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. ჩვენ გარდა Covax-ისა, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“ და ახლა მიმდინარეობს საუბარი დაახლოებთ მილიონი დოზა Novavax-ის შესყიდვაზე. გარდა ამისა, ქვეყანა აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებსPfizer-თან, არა Covax-ის გავლით, არამედ პირდაპირ Pfizer-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით Pfizer-ისგან მოწოდების პირობებს და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Johnson&Johnson. ამ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინები გამოჩნდება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაცია სავალდებულო ვაქცინაციას არ გულისხმობს.