სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი, პროფესიით ჟურნალისტი ანა აკოფიანი, სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ, ყარბაღში, საომრად წასვლას გეგმავს.
“ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო სწავლებებს ვიწყებთ. რამდენიმე დღეში კი ჩვენი საზღვრების დასაცავად წავალთ. ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ღირსებას მტერს ვერ დავუთმობთ”, – წერს ანა აკოფიანი ფეისბუკის პირად გვერდზე.
27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ოფიციალური ინფორმაციით, ანა აკოფიანმა მის მიერ ინიცირებული კამპანიის “ქალები მშვიდობისთვის” [Women for Peace] ფარგლებში ასევე სამხედრო სწავლებები გაიარა. იგივე წვრთნებში, ყარაბაღში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 15-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც ანა აკოფიანი აცხადებს, კურსის მიზანი საბრძოლო ცხოვრების გაცნობა და საბრძოლო უნარების შეძენა იყო.
“დარწმუნებული ვარ, არწახზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში არა მხოლოდ ჩვენი არმია, მთელი საზოგადოება დადგება მის დასაცავად – სამხედრო და სამოქალაქო პირები, კაცები და ქალები. მე, ისევე როგორც ბევრი ქალი, დარწმუნებული ვარ, მზად ვარ, ხელში იარაღი ავიღო სამშობლოს და შვილების დასაცავად. მაგრამ ეს არ არის ომის გამო, იმისთვისაა, რომ დავამტკიცოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს ფაშინიანის ცოლი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება. მხარეებმა ერთი თვის განმავლობაში დადებული სამივე ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება დაარღვიეს.