კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმომ ანგარიში გამოაქვეყნა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის წარმოშობასთან და 2021 წლის 14 იანვრიდან - 10 თებერვლამდე ვუჰანში საექპერტო გუნდის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჯანმო ხელმძღვანელის განცხადებით, ვირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის გავრცელების წყასრო ჯერ დადგენილი არ არის.

,,რაც შეეხება ჯანმოს, ყველა ჰიპოთეზა მაგიდაზე რჩება. ეს მოხსენება ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია, მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო და უნდა გავაგრძელოთ კვლევა და ქვა ქვაზე არ დავტოვოთ.

ვირუსის წარმოშობის აღმოჩენას დრო სჭირდება და მსოფლიოს ვალი გვაქვს, აღმოვაჩინოთ წყარო, ასე რომ შეგვიძლია ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები, რომ შევამციროთ ამის განმეორების რისკი. არც ერთ სამეცნიერო მოგზაურობას არ შეუძლია ყველა პასუხის გაცემა", - განაცხადა ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა.