ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ყველა ჰიპოთეზა განიხილება, თუმცა ჯერჯერობით ვირუსის წყარო აღმოჩენილი არ არის.
„რაც შეეხება ჯანმოს, ყველა ჰიპოთეზა განიხილება. ეს ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია, მაგრამ ეს არ არის დასასრული. ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო და მეცნიერების გზას უნდა გავყვეთ“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობის დადგენას დრო სჭირდება.
„მსოფლიოს წინაშე ვალში ვართ და ვირუსის წყარო უნდა აღმოვაჩინოთ, რათა ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები ამ რისკის განმეორების შესამცირებლად“, - განაცხადა მან.