დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დაიბადა თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი. პირველი მეუღლისგან (დალი ლოლუა) კონსტანტინე გამსახურდია, მეორე მეუღლისგან (მანანა არჩვაძე-გამსახურდია) ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა აშშ კონგრესის მიერ).დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977-1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.
1991-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი. 1993 წლის ოქტომბრის მიწურულს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში (ამ ფაქტზე 2004 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 შექმნილი სახელმწიფო კომისიისა და პროკურატურის მიერ).გამსახურდიას სიკვდილი საქართველოს მთავრობამ 1994 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ზვიად გამსახურდიას ნეშტი 24 თებერვლას გროზნოში დაასაფლავეს.
2007 წელს გროზნოში იოპოვეს ზვიად გამსახურდიას ნეშტი. 2007 წელს ზვიად გამსახურდიას ნეშტის იდენტურობა დადასტურდა და 28 მარტს მისი საქართველოში ჩამოასვენება მოხდა.2007 წლის 1 აპრილს მთაწმინდის პანთეონში გამსახურდიას ნეშტი სხვა გამოჩენილ ქართველთა გვერდით დაასაფლავეს. მის პატივსაცემად სვეტიცხოველში ჩატარებულ პარაკლისს ათასობით ადამიანი დაესწრო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.ზვიად გამსახურდიას შემოქმედებითი მოღვაწეობის ნაწილია მის მიერ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. ასევე, გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.