„გამოჯანმრთელებულთა დღიური მაჩვენებელი თანდათან იზრდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში 19 231 აქტიური შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 12 632 ადამიანი.
19 231 ადამიანიდან, 3 600-მდე პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, დანარჩენი - კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე.
„მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავიცავთ რეკომენდაციებს, ამ ინფექციას დავძლევთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ, კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, დეკემბერსა და არც მარტში, ის დიდხანს იქნება და მთავარი სლოგანი, რომ ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად, ძალაშია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, რა შემთხვევაში გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას ეპიდვითარებასთან გამკლავება, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არ უნდა მივიდეთ იქამდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება. მისივე თქმით, სცენარი მზადაა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ამუშავების საჭიროება არ უნდა დადგეს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1 678 კოვიდინფიცირებული, (დღეს-90) მედპერსონალის წარმომადგენელია. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი ქვეყანაში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.
პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.