განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი აირჩია. პაპუაშვილი აღნიშნულ კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

აღსანიშნავია, რომ პაპუაშვილს ახალ თანამდებობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმაც დაუჭირეს მხარი.

„ეს ის შემთხვევა, როდესაც მეც და ალეკო ელისაშვილმაც პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ. რაღაც პერიოდი „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით ბატონ შალვასთან ერთად მუშაობა მომიწია და დავრწმუნდი ამ ადამიანის კეთილსინდისიერებაში, პატიოსნებაში და კვალიფიკაციაში. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყნის ინტერესებს რომელი პარტიის კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანი ემსახურება. სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი. არ ვიცი, კიდევ თუ ექნება ვინმეს იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა დაუჭიროს მხარი, მაგრამ თქვენ, ბატონო შალვა, ნამდვილად გაგიმართლდათ“, - განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა, რომელიც დღევანდელი პლენარული სხდომის წამყვანი იყო.

ცნობისთვის, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.