თენგიზ ცერცვაძე: კომენდანტის საათის გაუქმებას ვერაფრით ჩავთვლით მიზანშეწონილად

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების მაჩვენებლის მატების გამო, ე.წ. კომენდატის საათის გაუქმებაზე საუბარი დაუშვებელია.

,,იყო ლაპარაკი კომენდანტის საათის გაუქმებაზე სადღაც ერთი კვირის წინ, მაგრამ ახლა, როცა ბოლო სამ დღეში ინფიცირების შემთხვევებმა 600-ს გადააჭარბა, ვერაფრით ვერ ჩავთვლით მიზანშეწონილად ამ შეზღუდვის გაუქმება.

ახლა ეს ერთადერთი შეზღუდვაა. ფაქტობრივად, სხვა ყველაფერი გაუქმებულია და ახლა, როცა ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაიწყო, ჩვენ რომ ამას არაადეკვატურად ვუპასუხოთ კომენდანტის საათის მოხსნით, ეს სწორი არ იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.