ეროვნული ბანკი: თებერვალში ფულადი გზავნილებით ქვეყანში $161.4 მილიონი შემოვიდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.5 პროცენტით გაიზარდა და 161.4 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.4 პროცენტით, 21.0 მლნ დოლარამდე შემცირდა.

"საანგარიშო თვეში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (190.9%-ით) და უკრაინიდან (78.3 %-ით) გადმორიცხული ფულადი სახსრები. ფულადი გადმორიცხვები გაზრდილია ასევე თურქეთიდან, ხოლო რუსეთიდან კვლავ კლება დაფიქსირდა.

ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44%) და რუსეთი (15.6%) წარმოადგენდნენ. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში", - ნათქვამია ანგარიშში.