არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო რეფორმების განხორციელებაში

"დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც ამ დოკუმენტშიც არის საუბარი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შვედი დიპლომატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების შესახებ პუნქტი არ ყოფილა მოცემული, რაც მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.

„ბატონი დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ჩვენთვის იქნება სახელმძღვანელო იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელზეც ამ დოკუმენტშიც არის საუბარი.

ცალსახად მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტში რამე პირობა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ იყო მოცემული, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს და ეთანხმება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და იზიარებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნას, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.