ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო

რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს ვლადიმირის ოლქში, ქალაქ პოკროვის No2 გამოსასწორებელ კოლონიაში იხდის, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ის მოითხოვს „აღასრულონ კანონი“ და მასთან დაუშვან „მიწვეული ექიმი“. ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარების ნაცვლად მას „უძილობით“ აწამებენ, ანუ „ღამის განმავლობაში რვაჯერ“ აღვიძებენ, და რომ შიმშილობის გარდა ბრძოლის სხვა მეთოდები კოლონიაში არ არის.

"რატომ აცხადებენ პატიმრები შიმშილობას? ეს საკითხი აწუხებთ მხოლოდ მათ, ვინც არ ყოფილა პატიმარი. ეს ყველაფერი გარედან რთულად გამოიყურება, ხოლო შიგნით - ყველაფერი მარტივია: ბრძოლის სხვა მეთოდები არ გაქვს და შიმშილობ.

მე მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამალი. არც ერთი და არც მეორე უბრალოდ არ მომცეს. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა და ახლა მარცხენა ფეხის არეში დავკარგე მგრძნობელობა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, მაწამებენ ძილის უკმარისობით - ღამეში 8-ჯერ მაღვიძებენ.

რა გამეკეთებინა? გამოვაცხადე შიმშილობა კანონის აღსრულების და ჩემთან მოწვეული ექიმის შემოშვების მოთხოვნით. ასე რომ, ვწევარ მშიერი, თუმცა ჯერჯერობით ორივე ფეხი მაქვს“, - წერს ნავალნი.