ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი როგორც საქართველოს მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უნდა მოეწერათ. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
როგორც დანიელსონმა აღნიშნა, მას გაუკვირდა, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ შემოთავაზებულ დოკუმენტს. მისი თქმით, შემოთავაზებები ძალიან ძლიერი, ამბიციური და მასშტაბური იყო და იძლეოდა კრიზისის გადაწყვეტის შესაძლებლობას.
"ეს შემოთავაზებები ძალიან ძლიერი, ამბიციური და მასშტაბური იყო და გაკვირვებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ ღიად არ დაუჭირა მხარი, ასევე ოპოზიციამ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტზე ორივე მხარეს უნდა მოეწერა ხელი. მე ძალიან გამიკვირდა, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ უჭერდა მხარს მმართველი პარტია დანიელსონის შემოთავაზებას. როდესაც დავინახე ის წინადადებები, რომელიც დადო დანიელსონმა, მე დავინახე შესაძლებლობები იმისა, რომ ეს კრიზისი გადაწყვეტილიყო. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეიძლება, ამნისტია ყოფილიყო, შეიძლება, გირაოს შეტანა, მაგრამ რაღაც გზით შეიძლებოდა გადაწყვეტილების მოძებნა. არაერთხელ მითქვამს, რომ მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზაცია არ არის კარგი და საქართველომ ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს, რადგან ამ კრიზისიდან გამოვიდეს და შემდეგ სწორად განვითარდეს", – განაცხადა კუბილიუსმა.
მისივე თქმით, ორივე მხარეს მყოფ პოლიტიკურ ძალებს მეტი სიმამაცე და პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ:
"სიმამაცე უნდა გამოიჩინონ მაშინაც კი, თუ ამომრჩევლები, ქუჩაში მყოფი ადამიანები არ არიან ბედნიერნი მათი პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით. პოლიტიკოსს უფრო უკეთესად უნდა ესმოდეს, როგორ მდგომარეობაშია სახელმწიფო, რამ შეიძლება, დააზიანოს ქვეყნის მომავალი და აქედან გამომდინარე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის და რა მათი ინტერესებისთვის".
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების ჯგუფს ხვალ ექნება შეხვედრა დანიელსონთან და დეტალებზე და ევროკავშირის სამომავლო გეგმებზე საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ძალიანა ადრეა, იმის თქმა რა იქნება მომავალში. ხვალ გვექნება შეხვედრა დანიელსონთან. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს შორის არასწორი აღქმა არის ევროკავშირის ხელმძღვანელობის ჩართულობისა ამ კრიზისში. როგორც ჩანს პარტიები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ჩართულობა საკუთარი სარგებლისთვის უნდა გამოიყენონ და არა საქართველოს სარგებლისთვის. და ეს არის სწორედ ის ფაქტორი, რაც უარყოფითად მოქმედებს ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეხედულებაზე მათ მიმართ. შეძლება ერთ–ერთ ეტაპზე ევროკავშირის ხელმძღვანელობამ თქვას, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, ახლა თვითონ მოაგვარონ საკუთარი საქმეო", - განაცხადა კუბილიუსმა.