ირაკლი ღარიბაშვილი: ვლადიმერ პოზნერს არ დაურღვევია "კანონი ოკუპაციის შესახებ". ის ხშირად სტუმრობს საქართველოს

"ვლადიმერ პოზნერს, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია "კანონი ოკუპაციის შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოზნერი საქართველოს ხშირად სტუმრობს და ეს მისი მორიგი კერძო ვიზიტი იყო.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერი, რომელიც ასევე არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია "კანონი ოკუპაციის შესახებ". ის ხშირად სტუმრობს საქართველოს აშშ-ის პასპორტით. ეს იყო მისი კერძო ხასიათის ვიზიტი. ამასთან, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს კოვიდ პასპორტი ჰქონდათ და ასევე უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე. შესაბამისად, ისინი ქვეყანაში კანონთან სრულ შესაბამისობაში შემოვიდნენ.

რაც შეეხება სტუმრების შეკრებას რეგულაციების გაუთვალისწინებლად ერთ-ერთ დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი ჩვენთვის ყველასთვის და არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.

მოგეხსენებათ, მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც სჩვევია, მოვლენები თავისი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქცია. ამჯერადაც "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის მიზანია, დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ტურისტებისთვის იხსნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.