ალეკო ელისაშვილი: ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა

"ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა", - ასე გამოეხმაურა "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე თქმით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ თავისუფლად დაადგილების საშუალება მიეცათ, ხელისუფლების მიმართ ეჭვები ჩნდება და საჭიროა, რომ მათ დეტალურად ახსნან, რატომ ხდებოდა მათი თავისუფალი გადაადგილება.

"მე პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე ღამე მქონდა ემოციურად, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა "იუჟნაია შაშლიჩნაიას", სახელმწიფოდ არ აღიქვამდა მაშინ საბჭოთა საქართველოს და მიაჩნდა და დღემდე მიაჩნიათ რუსებს, როგორც ჩანს, რომ შეიძლება აკადრო ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ. დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე "იუჟნაია შაშლიჩნაიაში", როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო“, - განაცხადა ელისაშვილმა.