საქმიანობის უკანონოდ შეჩერებისთვის იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ, ბაჩანა შენგელიას საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო, 12 800 ლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე თავად შენგელია ავრცელებს.

"ალბათ გახსოვთ ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება.

მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში", რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს - ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერს შენგელია.