ომბუდსმენი: 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია

"2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია", - სახალხო დამცველმა პარლამენტს 2020 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა.

486-გვერდიან დოკუმენტში ასახულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი.

"სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს - 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.

სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშში ასახულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება. ანგარიშში ასევე საუბარია ფსიქიატრიულ სტაციონარებში მოთავსებულ ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზეც.

"იმის გამო, რომ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების კვლევებსა და მკურნალობას. შედეგად, არასათანადო მკურნალობა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა პაციენტთა გარდაცვალებებს იწვევს", - ნათქვამია ანგარიშშ.

ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილებაზე. ანგარიშში ასევე შეფასებულია გიორგი რურუას საქმისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობის შეწყვეტის ფაქტები. დოკუმენტში ასევე საუბარია დავით გარეჯის საქმეზეც.

ვრცელ დოკუმენტში ნინო ლომჯარია ასევე საუბრობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ფემიციდის მზარდ სტატისტიკაზე, გენდერულ საკითხებსა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე.