საქართველოს მთავრობამ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

აქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით.

„ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

პროექტი განსაზღვრავს რეგულირების ობიექტებს (კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი, კაკაო, შოკოლადის ნაირსახეობები, შოკოლადის სხვა პროდუქტები) და მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ. რეგლამენტი არეგულირებს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შემადგენლობის შესახებ“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

„ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე.

მგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები: სპირტიანი სასმელების შესახებ, ბიოწარმოების შესახებ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, თხილის შესახებ, თაფლის შესახებ, ხორბლის ფქვილის შესახებ, ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში .